ქუთაისელი არტისტის მუსიკალურმა კლიპმა ინდოეთის კონკურსში გაიმარჯვა
ქუთაისელი არტისტის ლელა ლომთაძის მუსიკალურმა კლიპმა ინდოეთის ფესტივალზე – “MWFIFF 2020” გაიმარჯვა. როგორც არტისტი “რეგიონულ კვირასთან” საუბრობს, კონკურსზე საქართველომ მონაწილეობა პირველად მიიღო.
ლელა ლომთაძის კლიპმა “Wolf Man” წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოკლიპის კატეგორიაში გაიმარჯვა.
“ყოველწლიურად მუმბაიში, მოკლე მეტრაჟიანი ფიმებისა და კლიპების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. ამერიკელი პარტნიორის რეკომენდაციით, გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. წარვადგინე ჩემი კლიპი “Wolf Man”, რომელიც საუკეთესო კლიპის სტატუსით დასახელდა”,- აღნიშნა ლომთაძემ.
პანდემიის გამო ღონისძიებაზე მონაწილეების წარდგენა, ონლაინ რეჟიმში მოხდა, სადაც ქართველმა არტისმტმა 3 მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის ერთი ქართული. “კოვიდვითარების გამო, სამწუხაროდ, ჩართვა ონლაინ მოხდა. წარდგენისას სამი მუსიკალური რეპერტუარი შევასრულე, მათ შორის ერთ-ერთი ქართული “ციცინათელა”, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციით წარვადგინე. მინდა, მადლობა გადავუხადო #42 პარალელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც კლიპის გადაღებაში მონაწილეობდა. პანდემიის გამო კლიპის პრეზენტაცია, სამწუხაროდ, გაზაფხულისთვის გადავდე”,- ამბობს არტისტი.
ლელა ლომთაძე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და გამარჯვებულია.