ვანის ქვაბები – VIII-XVI საუკუნეების მარნები და წყალსადები ტრასები – “რეგიონული კვირის” ისტორია

ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია. იგი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ვანის ქვაბები მეუდაბნოეობის ხანაშია დაარსებული. ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.

ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა  განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის – კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია.

შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.

კომპლექსის ცენტრი წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარია, მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით.
კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები