ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს როგორ ცდილობენ სხდომის ჩაშლას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. №59 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, დაინტერესებულ მხარეთა კანონიერ წარმომადგენლებს შესთავაზეს, საჯაროდ, ხელახლა გადაეთვალათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საჩივრებისა და №102 უბნის მონაცემები, თუმცა ლალიაშვილის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრებმა სხდომის ჩაშლა სცადეს.
” მათი მოთხოვნა იყო, რომ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო უბნის სხდომაზე კანონიერ დამსწრეთა გარდა შემოეყვანათ მერობის რამდენიმე კანდიდატი, რაც საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის, მე-15 პუნკტით არ შეიძლება. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა განმარტებას, რომ ეს აკრძალულია კანონით და არც ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ამ სუბიექტების მიერ, შერჩეული კანონიერი წარმომადგენლები ესწრებიან პროცესს და საუბარია რამდენიმე ასეული ბიულეტენისა და ხელმოწერის დათვლაზე, რაც ლოგიკურად, მერობის კანდიდატთა მეთოდურ ან სხვაგვარ დახმარებას არ უნდა საჭიროებდეს, მოჰყვა შეურაცხყოფა, მუქარა და ძალადობა იქ მყოფ პირთა მიმართ, 102 საუბნო კომისიის წევრის, ნათია სილაგაძის მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რომლის ოთახიდან გაყვანასაც ცდილობდნენ კომისიის თანამშრომლები.
ასეთ შემთხვევებში კანონი ცალსახად ითვალისწინებს დამრღვევთა საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევებას, რაც გულისხმობს ასევე კომისიის შენობიდან მის გაძევებას 8 მუხლის მე-15 პუნქტით. ჩვენ გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი კადრები და აქვე მადლობა გადავუხადოთ იმ დამსწრეებს, რომლებმაც ეს კადრები მოგვაწოდეს ხსენებულ ინციდენტზე სიმართლის დადგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პიროვნებები გულმოდგინეთ ცდილობდნენ ამ კადრების გადამალვას”,- აცხადებს ოლქის Მდივანი.
შეგახსნებთ, 5 ნოემბერს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო უბნის შენობასთან ოპოზიციურმა პარტიამ აქცია მოაწყო. ისინი შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.