ზესტაფონში, ცხენთარო – აჯამეთი – ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური საავტომობილო პროექტის, ცხენთარო – აჯამეთი – ვარციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
საავტომობილო გზაზე, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, ქუთაისსა და ბაღდათთან აკავშირებს, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პირველად ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 10 კმ – იან საავტომობილო გზის აღდგენა, 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზაზე, დაიგო ცემენტბეტონის საფარი. მოეწყო ბეტონის კიუვეტები და წყალმარიდი მილები.
საავტომობილო გზით, ყოველდღიურ რეჟიმში 3500 – მდე ადამიანი სარგებლობს. ადგილობრივებისთვის გადაადგილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რეაბილიტაციის შემდეგ, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.