სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა.
როგორც ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე.
“ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.