პანდემიის მიუხედავად ოპოზიცია აქციებზე უარს არ ამბობს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება
„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომდაგენლები ზუგდიდში, სადაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, ხელისუფლებასთან ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანი წითლიძის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდვითარებისა, ისინი 8 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ ოპოზიციის აქციაზე, მაინც მიემგზავრებიან. მისი, გაცხადებით, პასუხისმგებლობა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ხელისუფლებას ეკისრება.
„დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ არ არსებობს მოლაპარაკებების სივრცე . ერთადერთი პირობა, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კორონას ეს ქვეყანა გადაიტანს, კორონას ყველა ერთად გადავიტანთ, მაგრამ ახლა ყველამ ერთად, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს კორონამ და მანამდე ყველამ ერთად უნდა გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილი. ხვალინდელ აქციაზე მიდიან მთელი საქართველოს მაშტაბით და მიდიან სამეგრელოდანაც”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
თბილისში ხვალინდელ აქციას უერთდებიან „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციიდანაც. ბათლომე შელიას განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან არანაირ მოლაპარაკებას არ ემხრობიან.
„ვუერთდებით ხვალინდელ აქციას და ყოველდღე შევუერთდებით. ყოველ დღე პრესში გვეყოლება ეს ხელისუფლება, მანამ, სანამ ისინი არ დადებენ საბოლოო შედეგს, რომელსაც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჰქვია. არ ღირს ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც სურს უზურპაცია ძალაუფლების, ეს მათ არ გამოუვათ, ამიტომ არ ღირს მათთან მაგიდასთან ჯდომა”, – განაცადა ბათლომე შელიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი ირაკლი პაჭკორია, პანდემიის მიუხედავად გამოსავალს, ქუჩაში ხალხის დგომით და აქციებში ხედავს.
„არანაირ მოლაპარაკებას მთავრობასთან აზრი არა აქვს, ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოებიდან მთავრობა გასულია,ასე რომ ერთადერთი ვარიანტი არის, მხოლოდ ქუჩა. დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ ამ არჩევნებს არ დათანხმდებიან,რა თქმა უნდა, აქციები არ შეწყდება”, – განაცხადა ირაკლი პაჭკორიამ.