თელავში “ერეკლეობა” აღინიშნა

თელაველები დღეს “ერეკლეობას” იგივე “თელავქალაქობას” აღნიშნავენ. ტრადიციული სახალხო დღესასწაული ეპიდემიის ფონზე, მოკრძალებულად გაიმართა.

დილიდან ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. მეფის კარის ეკლესიაში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღეს ყველა თელაველისა და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ერეკლე მეფის 300 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ქვეყანაში არსებული ვითარება საშუალებას არ გვაძლევს მასშტაბური ღონისძიებები ჩავატაროთ. თუმცა თელაველები 7 ნოემბერს ყოველთვის ამაღლებული განწყობით ვხვდებით. ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

დღესვე, სასცენო მოღვაწეობიდან 60 წლის აღსანიშნავად, ვარსკვლავი გაუხსნეს თელავის
ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებს, ეთერ ბაბილაშვილისა და კარლო ქართველიშვილს.
მათ ასევე თელავის თეატრის გარე სივრცეში გამართულ საღამოზე ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდური როლები შეასრულეს, რის შემდეგაც მსახიობებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს, საიუბილეო ბუკლეტის – “თელავის თეატრი 260” – პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თელავის თეატრის თანამედროვეობასა და საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების და თეატრალური სამყაროს წარმომადგენელთა მილოცვებს მოიცავს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები