დავით სონღულაშვილის თქმით, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს იმიტომ მიმართავს, რომ მას სასურველი შედეგის არჩევნების გზით მიღება არ შეუძლია
გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს სარჩევნო ოქლში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ოპოზიციის პროტესტს და პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქალაქებში გამართულ აქციებს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
სონღულაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ 2016 წლის საპარლემენტო არჩევნებზეც მსგავსი საპროტესტო ფორმა შეარჩია. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ოპოზიციას არჩევნების გზით, სასურველი შედეგის მიღება არ შეუძლია.
„რა შედეგიც დღეს გვაქვს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება, ხმაურს და დაძაბულობას, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს, ძალიან ნაადრევია, იმიტომ რომ უნდა დაელოდონ საარჩევნო კომისიის საბოლოო დასკვნას. თუ სადმე კითხვის ნიშანი გაუჩნდებათ, არის შესაბამისი პროცედურები, როგორც უნდა გაასაჩივრონ. ამიტომ აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ კონკრეტულ მოცემულობაში ასეთი ტიპის დამოკიდებულება. მათ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზეც ზუსტად იგივე გააკეთეს, არ მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურში და ეს არ არის უცხო მათთვის, იმიტომ რომ აპრიორში იციან, შედეგს ვერ დადებენ და ალბათ, არ უნდათ რესურსი დახარჯონ ამაში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.