ოპოზიციის ქმედებები მიმართულია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისა და ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობისკენ – გიორგი ღურჯუმელიძე
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი გიორგი ღურჯუმელიძე დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. “რეგიონულ კვირასთან” საუბარში მან ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ოპოზიციის პროტესტი შეაფასა საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მათ ქმედებებს მან მიუღებელი უწოდა, ის მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები არაკანონიერია.
“ოპოზიციის ქმედებები და გადაწყვეტილებები ბოლო დღეების განმავლობაში მიმართულია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისა და ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობისკენ.
მათი ქმედებები საოლქო საარჩევნო კომისიებთან აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. პარლამენტის წევრობის კანდიდატები და სხვა არაუფლებამოსილი პირები ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებას, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებში ხომ მონაწილეობენ მათი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, წარმომადგენლები და სხვა უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, პროცესი, ჩემი აზრით, ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
აქვე აღსანიშნავია ქვეყანაში არსებული მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის პირობებშიც ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ იქცევა და მოუწოდებს მოქალაქეებს შეკრებისკენ და რისკის ქვეშ აყენებენ მოქალაქეების ჯანმრთელობას.
უმჯობესია პროცესი წარიმართოს კანონმდებლობის ჩარჩოებში და გამოიყენონ საკანონმდებლო ბერკეტები საკუთარი პოზიციების დასაცავად და არგუმენტების წარსადგენად”, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.