ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატები, ცდილობენ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც მათივე ინიციატივით იმართება, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საოლქო კომისიებთან მიმდინარე მოვლენები იმ დესტრუქციის ნაწილია, რაზეც „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე საუბრობდა.
„მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედება საოლქო კომისიის მხრიდან, რომელმაც დაიწყო განხილვა და მათი მოთხოვნის შესრულების პროცესში ისინი ცდილობენ პროცესის ჩაშლას. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში მათ შეიძლება გამოამჟღავნონ, თუმცა ეს არის იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.