ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ბავშვების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა
ბაღების თემასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დოკუმენტაციას აქვეყნებს, რის საფუძველზეც ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის ბაღებში, ბავშვების მოწამვლა საკვებ პროდუქტებს არ გამოუწვევია.
“ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ბავშვების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა.
თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ვეხმაურებით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვებით ინტოქსიკაციის საკითხს.
ვაქვეყნებთ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებს არ გამოუწვევია, რაზეც აპელირებდა ზოგიერთი მედიასაშუალება და რამაც აღსაზრდელების მშობლებისა და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა კვების ყველა პროდუქტს და ინვენტარს. მიმდინარეობს წყალზე დამატებითი, ფართო სპექტრის კვლევაც, რომლის შედეგებსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.
გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შედის”, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.