„ბუნებრივია, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. ამ შემთხვევაში გუშინ მათ ის გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს.
„ბუნებრივია, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. ამ შემთხვევაში გუშინ მათ ის გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას. ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში, კომისიის თავმჯდომარის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას ისევე რაც, ჩვენ ვიხილეთ ცესკოს შენობის წინ. რაც შეეხება მცირე ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ამას ბუნებრივია, რეაგირება სჭირდება. ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა იყო არასწორად დაფიქსირებული და შესაბამისად, ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად სცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს მარტივი ხარვეზია, რომელიც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება ხოლმე სამწუხაროდ. ყურადღება მიაქციეთ, რომ როდესაც ასეთი ოქმი დგება ყველა პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს, შესაბამისად, მათ ყველას ერთად ეპარებათ. ესაა ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც შემდეგ ყოველთვის სწორდება, თუმცა მანამდე მოჰყვება სპეკულაციები“,-განაცხადა კობახიძემ.