სენაკის ცენტრალურ სკვერში პროექტის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სენაკის ცენტრალურ სკვერში პროექტის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის იუსტიციის სახლის მენეჯერი ლევან იოსელიანი, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯულიეტა ჩოჩია, სამსახურის სპეციალისტები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მეწარმეები, ფერმერები და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.
,,ბიზნესსექტორისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მეწარმეების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელისუფლებო გუნდის მონაპოვარი და ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით არაერთი ახალი პროექტი განხორციელდა და უკვე მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიტანა ჩვენს მუნიციპალიტეტში.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი – ,,სახელმწიფო – შენი პარტნიორი” ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ამ მხარდამჭერ პროგრამას. ვფიქრობ, პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეწარმეებისა და ფერმერების მომართვიანობას” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
პროექტის – ,,სახელმწიფო შენი პარტიორი” ფარგლებში, მას, ვინც არის ანდა სურვილი აქვს გახდეს მეწარმე, ფერმერი ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, სახელმწიფო სერვისების მიღება შეუძლია ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით სენაკის იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ასევე შექმინილია ელექტრონული პორტალიც. https://programs.gov.ge/” – აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა სენაკის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ლევან იოსელიანმა.
პროგრამებზე მომართვიანობის და დაინტერესების სტატისტიკის, ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა და ფერმერთა ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, სპეციალისტმა დალი ქაჩიბაიამ.
შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარმა, ადგილობრივმა მეწარმემ ნოდარ ხარჩილავამ.
2013 წლიდან ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გატარდა არაერთი რეფორმა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობისთვის. დაიწყო და, ბიზნესის საჭიროების შესაბამისად, მუდმივად ახლდება მეწარმეთა მხარდამჭერი პროგრამები.
2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მხარდაჭერით სენაკში შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 8 აგროსაწარმო;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 299-მა პირმა;
სახელმწიფოს მხარდაჭერით 145 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
ფუნქციონირებს 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
სახელმწიფო პროგრამა – ,,აგროდაზღვევის” ფარგლებში 600 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 382-მა პირმა;
,,სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის” თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 8 პირი;
დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 4 პროექტი;
დამონტაჟდა 3 მეტეოროლოგიური საგუშაგო;
პროექტის – ,,მობილური ექსტენციის” ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 1100-მდე ფერმერს;
პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მხარი დაეჭირა 3 ახალ საწარმოს;
ინვესტიცია – 10 მლნ ლარამდე;
მიკრო- და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით მხარი დაეჭირა 71 პროექტს;
აღნიშნული პროექტებით 115-მა მოქალაქემ ისარგებლა, ინვესტიციამ კი 1 მლნ ლარამდე შეადგინა.
ბიზნესსექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.