“სამცხე-ჯავახეთში ნაცებმა ხმები, სწორედ მიშას განცხადების გამო დაკარგეს”
როცა მას ვჭირდებოდით ყოველთვის მხარში ვედექით, ახლა, როცა ჩვენ გვჭირდება, ზურგი გვაქცია, – ასე აფასებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადამიანები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას არ მალავენ, რომ ეს ყველაფერი არჩევნებზე დიდ ზეგავლენას იქონიებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში მცხოვრები სომეხი ხალხის ხმას დაკარგავს.
„არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სააკაშვილი აქ მცხოვრები სომეხი ხალხის თვალში დიდი სიმპათიით გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა და ხმასაც მას ვაძლევდით ხოლმე. მისი განცხადება ყველასთვის მოულოდნელი იყო, არ გვეგონა თუ მიშა მხარს აზერბაიჯანს დაუჭერდა. მე ვფიქრობ, რომ წლევანდელ არჩევნებზე საკმაოდ დიდი რაოდენობით დაკარგეს “ნაცებმა” ხმები, სწორედ მიშას განცხადების გამო. როცა მას ვჭირდებოდით ყოველთვის მხარში ვედექით, ახლა როცა ჩვენ გვჭირდება ზურგი გვაქცია. სომეხი ხალხი კი ამას არასოდეს დაივიწყებს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ახალციხეში მცხოვრებმა, არტაშ ჩარუხჩიანმა.
არტაშის მსგავსად ფიქრობენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც. ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური შეხედულებები სააკაშვილის განცხადებამ შეაცვლევინა.
„პოლიტიკა ძალიან ცუდი რამეა. იცით რეალურად მანდ რა მოხდა? სააკაშვილის განცხადებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სომხების 3 000 ხმა დააკარგინა, სამაგიეროდ აზერბაიჯანელების 6 000 ხმა აიღო ქვემო ქართლიდან. ყველაფერი გათვლილი აქვთ მაგათ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ახალქალაქში მცხოვრებმა, რობერტ ბეგრაკიანმა.
ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის გაცხადებას და ხალხის პოლიტიკური შეხედულებების შეცვლას უარყოფითად აფასებს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მელიქ რაისიანიც.
„რაც ხდება სომხეთში ძალიან ცუდია და ამის ფონზე ის განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა არ არის სწორი“,- აცხადებს რაისიანი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდეტმა, მიხეილ სააკაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის.
„ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა, ეს ფაქტი ამავდროულად მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს. პარალელურად, ყველას, ვინც რეგიონიდან გამოიყვანეს, სახლებში დაბრუნების უფლება აქვს და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს”, – თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი სასაზღვრო რაიონებში 12 ივლისისს დაიწყო. 27 სექტემბერს კი რეგიონში ვითარება გამწვავდა და სამხედრო დაპირისპირება განახლდა. თაბდასხმები მიმდინარეობს არამარტო ყარაბაღის, არამედ თოუზის და ტავუშის რეგიონებშიც. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრობენ ქართველი ანალიტიკოსებიც. მათი ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებს შორის დაპირისპირება შეიძლება საქართველოზეც ცუდად აისახოს. ანალიტიკოსების განმარტებით, შესაძლებელია, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი და ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა მთლიანად ამ ომზე გახდეს კონცენტრირებული. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე სომეხმა და აზერბაიჯანელმა ადამიანებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვონ, რათა მოხალისის სტატუსით თავადაც ჩაერთონ საბრძლოლო მოქმედებებში.
ამ ყველაფრის ფონზე – თუ რამდენად სწორიაექსპრეზიდენტის პროვოკაციული განცხადებები, ოპოზიციურ პარტიაში არ საუბრობენ.