გოგი მეშველიანი: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, ამ ზრუნვის ფარგლებში ძალიან დიდი ინვესტიციები იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე
დღეს ფაქტობრივად დავასრულეთ საარჩევნო კამპანია, შემაჯამებელი შეხვედრა გვქონდა სოფელ ტალავერში. ძალიან საინტერესო კამპანია გვქონდა, პრაქტიკულად მოვიარეთ ჩვენი ოლქის ყველა სოფელი. შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, ყველა სოფლის გულისტკივილი ვიცით. ყველა პრობლემა აღვწერეთ. ბუნებრივია, ჩვენს გუნდთან ერთად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ყველა ამ საკითხის გადაწყვეტაზე – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ბოლნისი, თეთრიწყარო, დმანისი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა სოფელ ტალავერში განაცხადა.
კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და ოპონენტების მხრიდან არსებული პროვოკაციების შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა. ამ პროგრამის ძირითადი ელემენტი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, ამ ზრუნვის ფარგლებში ძალიან დიდი ინვესტიციები იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, ჩვენს დაბებს. დაახლოებით 20 მილიარდი იქნება უახლოეს ორ წელიწადში ინვესტირებული, და ვეცდებით, რომ ყველა დასახლებული პუნქტი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომლებიც სარგებლობენ გაუმჯობესებული პირობებით. რაც შეეხება პროვოკაციებს და მოსალოდნელ ექსცესებს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ექსცესი, რომელიც ჩვენს ოლქში მოხდა, იყო იმის შედეგი, რაც ჩვენმა ოპონენტებმა განახორციელეს. ამ აქტივობების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს. ჩვენი აქტივი სრულად არის გაფრთხილებული, რომ მაქსიმალური თავშეკავებით მიუდგეს ყველა პროვოკაციას და მყისიერი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებით და თავიდან აირიდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულობა”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.