კახა კალაძე: საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი – ამის შესახებ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ გამოსვლა დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში,  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა,

,,ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაწყებული ბრძოლის შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობა, დემოკრატია, თავისუფლება დავაბრუნეთ და ადამიანი კვლავაც მთავარ ღირებულად ვაქციეთ.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჰუმანური, პროგრესული და დემოკრატიული ხელისუფლება დამკვიდრდა, ერთხელ და სამუდამოდ უთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს, ქაოსსა და ავტორიტარიზმს.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს.

მიღწეული წარმატებების პარალელურად, რასაკვირველია, პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების” თაოსნობით, ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს.

როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ქალაქის მასშტაბით. ყველა გამოსვლის დროს აღვნიშნავ და ახლაც ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან, ყველა ქუჩასთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე, გამართული ტრანსპორტი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

ბოლო წლების განმავლობაში დიდუბესა და ჩუღურეთში განხორციელებული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. მინდა გამგეობებს, გამგეობების თითოეულ თანამშრომელს და გამგებლებს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და რეფორმა განხორციელდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შენობა, რომელიც ავარიულია და საჭიროებს განახლებას, ჩანაცვლებას; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, საგზაო ინფრასტრუქტურა გასაკეთებელია, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებთ.

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, იმ რეფორმებს, რომლებსაც ბოლო წლებში თქვენთან ერთად ვახორციელებთ. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში ადამიანებს ვხვდები და არიან იმედიანად, რადგან ხედავენ, რომ დღეს თუ მათ სახლთან რაიმე გასაკეთებელია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხვალ-ზეგ აუცილებლად მივალთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში კეთდება ქალაქში, არ იფიქროთ, რომ მარტო თბილისის მერიის თუ კახა კალაძის დამსახურებაა. ეს ასე არ არის. ეს არის თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურება, იმ ძლიერი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვია და ჩვენი ლიდერების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ქვია. ეს ადამიანები თავისი ქმედებებით, თავისი ყოველდღიური ნაბიჯებით ზურგს გვიმაგრებენ და ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და წელში გამართული”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები