გოჩა ენუქიძე: ჩემო ამომრჩევლებო, თავს კარგად ვგრძნობ
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან, გოჩა ენუქიძეს, რამდენიმე დღის წინ COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც გოჩა ენუქიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
„თქვენი საშუალებით მსურს მადლობა გადავუხდო იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში მეხმიანება და ჩემი მდგომარეობით ინტერესდება.
ჩემი მდგომარეობა კი საბედნიეროდ კარგია-გამიმართლა და დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თითქმის აღარაფერს ვგრძნობ, აღარც ტემპერატურა მაქვს და აღარც ხველა.
ამიტომ, მოარული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, მძიმედ ვარ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ერთადერთი, რაზეც ვღელავ ისაა, რომ სამწუხაროდ, ძალიან ცუდ დროს დავინფიცირდი, მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და ჩემი წინასაარჩევნო კამპანია, ლეჩხუმის მოსახლეობასთან შეხვედრით უნდა დამესრულებინა.
მაგრამ მე მჯერა ჩემი ამომრჩევლის და დარწმუნებული ვარ, მალე ერთად ღირსეულ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისთვის“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ