ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობასა და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი. შემუშავებულია პროგრამა ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნითაც, რომელიც ითვალისწინებს ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით.
სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხორციელდება სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ…
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა. კერძოდ, ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებულების და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დახმარება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, პერიოდულად, ადგილზე მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ქირურქიული ოპერაციები და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სხვა სახის აქციები.