ბაღდათში საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „GAME-ზონა“ გაიხსნა
ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტო, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეწვია და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, „GAME-ზონა“ გახსნა.
პროექტის „GAME-ზონა“ მიზანს წარმოადგენს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 29- წლამდე ახალგაზრდებისათვის ახალგაზრდული სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას, გააქტიურებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვას. პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა აიპთან თანამშრომლობით, შეიქმნება
მუდმივმოქმედი ახალგაზრდული პლათფორმა (ახალგაზრდული სივრცე). პროექტს ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.