პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჭიათურის, ზესტაფონისა და საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი კაპანაძე დაასახელა. 20 ოქტომბერს საკუთარ მომხრეებს ენმ-ის ლიდერი – მიხეილ სააკაშილი უკრაინიდან მიესალმა და გიორგი კაპანაძე “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სახედ და იმედად წარადგინა. საზეიმო ვითარებაში ისიც დასძინა, რომ კაპანაძის სახით საჩხერის ამომრჩეველს ყველაზე დიდი სიურპრიზი 31 ოქტომბერს ელოდება, როდესაც კაპანაძე თავისსავე რაიონში, ,,ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს, რითაც საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა თუ ვის კანდიდატურას სთავაზობს “ნაცმოძრაობა” საზოგადოებას და გამოიკვლია გიორგი კაპანაძის მოღვაწეობა ჟურნალისტობიდან დეპუტატობის კანდიდატობამდე:
კაპანაძე დამოუკიდებელ ქართულ მედიაში 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში. ამ დროისათვის “ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი” ძალას იკრებდა და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა. მიხეილ სააკაშვილი იმთავითვე აცნობიერებდა პიარის როლს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში, ამიტომაც, თავისუფალ მედიაში საკუთარი ერთგული კადრების ,,ჩანერგვას” გულმოდგინედ ცდილობდა.
გიორგი კაპანაძე ერთი იმათგანი იყო, ვინც პრესაში გურამ დონაძის ინტერესების გამტარებლად ითვლებოდა. “რეზონანსში” მცირეხნიანი მოღვაწეობის დროს, პოლიტიკასა და სამართალზე წერდა, აშუქებდა ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის მუშაობას, დებდა ძალზე საინტერესო “კომპრომატებს” ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ძალოვანთა საქმიანობის შესახებ, რომლებსაც ფაქტებით ვერასოდეს ამყარებდა. იმ წლებში კაპანაძეს ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის გამო არაერთი მაღალჩინოსანი უჩიოდა. სასამართლო პროცესები ჭიანურდებოდა და ბოლომდე არასოდეს მიდიოდა. სამაგიეროდ, იზრდებოდა კაპანაძის, როგორც უკომპრომისო, სამართლიანობისთვის მებრძოლი ჟურნალისტის რეიტინგი და ისიც ქართული პრესის ფურცლებზე სულ უფრო რეიტინგული ჟურნალისტი ხდებოდა. მალე მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდის და ხელისუფლების ხელდასხმულ ჟურნალისტებს მეტისმეტად “წყალობს”. დონაძის “გუნდი” ქვეყანაში ხელშეუხებელ კლანად ყალიბდება.
ამ დროისათვის გიორგი კაპანაძე “ჯორჯიან თაიმსის” რედაქტორი ხდება და მედიაჰოლდინგის მფლობელს, მალხაზ გულაშვილს ჰოლდინგის გაყიდვას ძალზე სარფიან ფასად სთავაზობს. გულაშვილი ჰოლდინგს არ ყიდის, არც ოპოზიციური გაზეთი აპირებს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევას. საჭირო ხდება დამფუძნებლის მოშორება, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს ჰოლდინგის დახურვასაც. მალევე მალხაზ გულაშვილს იჭერენ და გლდანის ციხეში დიდი ხნით ამწესებენ. კაპანაძეს კი ახლა სხვა, არასასურველი ჰოლდინგების გასანადგურებლად და დასახურად უშვებენ.
2010 წელს “ნაციონალური მოძრაობა” მამია სანადირაძის ძალზე მომგებიან ბიზნესს, ,,კავკასუს ონლაინს” იგდებს ხელში, მასთან ერთად კი – 10 ინტერნეტგამოცემას, რომელსაც გიორგი კაპანაძის ყოფილი კოლეგები, გია იაკობაშილი და როზი ჯღამაია განაგებენ. ,,პრესა ჯი”-ს ოპოზიციური განწყობებით უკმაყოფილო ხელისუფლება კაპანაძის ხელით ხურავს ყველა ინტერნეტგამოცემას, ხოლო ჟურნალისტებს ჯერ სახლებში ყრის, მოგვიანებით კი დიდ რეპრესიას უწყობს.
2010 წლისთვის გიორგი კაპანაძე მედიის კონტროლის დარგში სააკაშვილის ხელისუფლების “რუხი კარდინალი” ხდება. რეჟიმის კარნახით კადრულობს ყველაფერს, ძირავს კოლეგებს, ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, “ათეთრებს” სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ბნელ საქმეებს, მოკლედ – იბრძვის საკუთარი კარიერული წინსვლისთვის, როგორც შეუძლია.
ამასობაში, მისი ოჯახის უახლოესი წევრი, ცოლის ძმა, 21 წლის ზურა ტარყაშვილი სისხლიან ტრაგედიაში ეხვევა და მისივე თანატოლსა და მეზობელს, 21 წლის სანდრო გოგბერაშვილს კლავს. ტრაგედია თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე “არტ კაფეში” ხდება. მკვლელობას ჰყავს თვითმხილველები, “ოქროს მოწმეები”, არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ კაპანაძის ცოლის ძმა თავის 2 მეგობართან, ძმებ ჩიჩუებთან ერთად წინა საღამოს ეჩხუბა გოგბერაშვილს, რომელიც 2 დღის შემდეგ ლონდონში მიდიოდა სასწავლებლად. ტარყაშვილმა მეორე დღეს 23-ჯერ დაურეკა გოგბერაშვილს, წინა დღის ინცინდენტთად დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა. ,,არტ კაფეში” გოგბერაშვილი და მისი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ერთად მივიდნენ. ტარყაშვილმა კეფაში დამიზნებით ადგილზევე მოკლა გოგბერაშილი. იარაღი ჰქონდა თორნიკე კაჭარავასაც, რომელმაც ტარყაშვილი და ძმები ჩიჩუები მსუბუქად დაჭრა. სამართლიან სასამართლოს ტარყაშვილიც და ჩიჩუებიც, განზრახ მკვლელობის მუხლით, დიდი ხნით უნდა გაემწესებინა გისოსებს მიღმა, თუმცა, სააკაშვილის სასამართლომ ასე არ ჩათვალა. დრო იყო, რეჟიმს დაეფასებინა საკუთარი ერთგული ჯარისკაცის ღვაწლი და დააფასა კიდეც. გიორგი კაპანაძის ცოლისძმა და მისი მეგობრები ხულიგნობის მუხლით გასამართლდნენ და წელიწადსა და 9 თვეში საპატიმროდან გათავისუფლდნენ. გამოძიებამ საქმიდან გააქრო მთავარი სამხილები, ხოლო გოგბერაშვილის მკვლელობა სანდროს უახლოეს მეგობარს, თორნიკე კაჭარავას ცინიკურად დააბრალა, რომლის გათავისუფლებასაც პირველივე დღიდან ითხოვდა მოკლულის ოჯახი.
სანდრო გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა არაერთხელ შეუთვალა კაპანაძეს და ტარყაშვილების ოჯახს, რომ მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თუ მისი შვილის მკვლელი გარეთ გამოვიდოდა, ლინჩის წესით, თავადვე გაუსწორდებოდა. 53 წლის ივერი გოგბერაშვილი დაკითხვის ოქმში წერს, რომ ის წყობიდან გამოიყვანა ტარყაშვილების ოჯახის ცინიზმმა და ფაქტმა, რომ კაპანაძე-ტარყაშვილების ნებას ემორჩილებოდა გამოძიებაც, პროკურატურაც და სასამართლოც.
“სხვა გზა არ მრჩებოდა, ორი შვილი მყავდა და ორივე მომიკლეს. 14 წლის და 19 წლის ბიჭები: ერთი – სრულიად გაუგებარ სიტუაციაში, რომელიც ხელისუფლებამ ვერ გამოიძია, მეორე – უამრავი მოწმის თვალწინ, რომელიც არ გამოიძიეს. ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვნე, ამიტომაც, მოვკალი ჩემი შვილის მკვლელი. მე დასაკარგი ამქვეყნად აღარაფერი დამრჩა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ივერი გოგბერაშვილმა.
2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მამა თავისსავე სახლის წინ 23 ტყვიით კლავს ზურა ტარყაშვილს. მოწმეების თქმით, მასთან ერთად არის 2 ახალგაზრდა: 19 წლის დავით სესიაშვილი და 23 წლის ირაკლი აგლაძე, თუმცა, გოგბერაშვილის ადვოკატის მტკიცებით, აგლაძე შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა.
ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმე ძალზე ხმაურიანი გამოდგა. გოგბერაშვილის ადვოკატებმა ვერაფრით მიაღწიეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას, რომელიც მოკლულის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ახლო ნათესავი, თანასოფლელი და ერთად გაზრდილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტარყაშვილის მკვლელობის საქმე დახურული იყო და იქ ჟურნალისტების დასწრება კანონით იკრძალებოდა, პროცესს 5 კამერა იღებდა. პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა ცრუ “თვითმხილველები”, რომელთა “აღმოჩენაც” მკვლელობიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებს არ შეეძლოთ, დაენახათ მკვლელობის ფაქტი, რადგან ტრაგედიის ადგილიდან მოშორებით მუშაობდნენ, მოსამართლემ მათი ჩვენება მაინც სარწმუნოდ მიიჩნია.
ცხადი იყო, სასამართლოს უხილავი ხელი წარმართავდა, დაწყებული ცრუ მოწმეებით, დამთავრებული – სასამართლო პროცესების მედიაში გაშუქებით. ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, გადაეცა ვიდეოჩაწერისთვის მის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა და ასევე განემარტა, თუ რატომ იღებდნენ პროცესს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ლოგოიანი კამერები. მოსამართლემ ამ შუამდგომლობას ორაზროვანი პასუხი გასცა და განმარტა, რომ პრესსამსახური ახორციელებდა გადაღებას. სავარაუდოდ, გადაღება პროკურატურის დაკვეთით ხდებოდა. მოგვიანებით, ეს კადრები ,,რუსთავი 2″-ის ხელში აღმოჩნდა და რამდენიმე სიუჟეტი ისე დამონტაჟდა, როგორც ეს გიორგი კაპანაძის ოჯახს აძლევდა ხელს.
გოგბერაშვილის ადვოკატი, მალხაზ ჯანგირაშვილი მაშინდელი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: “წარმოიდგინეთ ამ ადამიანის მდგომარეობა! ივერი გოგბერაშვილს ორი შვილი მოუკლეს და არცერთ საქმეზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა. უშუალოდ სანდროს მკვლელობის მთელი საქმე გაყალბებულია. ამის მიზეზი ის იყო, რომ ზურა ტარყაშვილის ახლობლებს, უშუალოდ მათ სიძეს, გიორგი კაპანაძეს გავლენა ჰქონდა მმართველ გუნდთან და მოახერხეს, ტარყაშვილი გადაერჩინათ და არ დასჯილიყო მკვლელობისთვის. ასეც მოხდა, ტარყაშვილი მხოლოდ ხულიგნობის ბრალდებით ჩასვეს ციხეში და იქედანაც მალე გამოუშვეს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უსამართლობამ, დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია, რომ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის სკამზე სანდროს მამა, ივერი გოგბერაშვილი აღმოჩნდა. ვერ მოითმინა მან ის, რომ სანდროს მკვლელობა მის უახლოეს მეგობარს, უდანაშაულო თორნიკე კაჭარავას დააბრალეს. უფრო მეტიც, ამ გაყალბებული საქმის განხილვისას, ვგულისხმობ კაჭარავას საქმეს, მოკლული შვილის მამას დაზარალებულად დაუსვეს რეალური დამნაშავეები. ამან აღაშფოთა ივერი გოგბერაშვილი. მას უნდოდა, ყველაფერი ეთქვა სასამართლოზე, მაგრამ ამის საშუალებაც არ მიეცა, რადგან მოსამართლემ არ აიცილა საქმე, ბრალდებულმა უნდობლობა გამოუცხადა კოჭლამაზაშვილს და ამიტომ არ მისცა ჩვენება სასამართლოს
ყველა იმ მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა, კანონის წინაშე მოუწევთ, აგონ პასუხი. ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ”, – თქვა ადვოკატმა.
ივერი გოგბერაშვილის, დავით რუსიშვილისა და ირაკლი აგლაძის საქმეები, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, კვლავ ძიებაშია. მათ იმედი აქვთ, რომ ახალი გამოძიება უამრავ სიყალბეს მოჰფენს ნათელს, მათ შორის, გამოძიების იმ გამყალბებლების ვინაობას დაასახელებს, რომლებმაც ივერი გოგბერაშვილი აიძულა, ლინჩის წესით გასწორებოდა შვილის მკვლელს. საქმეში შესაძლოა, გამოიკვეთოს გიორგი კაპანაძის ბრალეულობაც, რომელმაც, გავლენიანი მაღალჩინოსანი მეგობრების წყალობით, ხელი დააფარა სანდრო გოგბერაშილის მკვლელს, საკუთარ ცოლისძმას, ზურა ტარყაშვილს.
ვიდრე ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო ტარყაშვილის საქმე ისევ ძიებაშია, გიორგი კაპანაძე ხმის ჩახლეჩვამდე მოუწოდებს საჩხერის, ჭიათურისა და ზესტაფონის ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ მას, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სახეს, რომ ის თავდაუზოგავად იბრძოლებს უსამართლოდ დაჩაგრული ყველა ამომრჩევლის უფლებების დასაცავად, დაამარცხებს ,,ბნელეთს” და, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში კვლავ გაამარჯვებინებს მისთვის ასე სასურველ “ნაციონალურ ხელისუფლებას”.