“პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება და კონკრეტული დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს. მათ, ეს დავალება, შეასრულეს პირნათლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას ეხებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს, განსაკუთრებით დღეს საქართველოს, სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას.
„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც, საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში, პოლიტიკურად, ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის შინაარსი კი არ არის, პანიკის დათესვაა თქვენი შეკითხვის მიზანი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოში, დღეის მდგომარეობით, იმის თქმა, რომ ყოველდღე ყაჩაღობებია, ეს არის ტყუილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება და კონკრეტული დავალება იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს. მათ, ეს დავალება, შეასრულეს პირნათლად. მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს.
ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. მეორე ნაწილი, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება წარმატებით.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მოსახლეობაში ვთესავთ პანიკას, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და როდესაც „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი უსაფრთხოება, თქვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში, თქვენ იქნებით პირველი და თქვენი თანამებრძოლები იქნებიან პირველი, რომლებიც დასვამენ შეკითხვას დისკრედიტირებული პოლიციის უმოქმედობის გამო.
მეორე ეტაპი ამ ღონისძიების გრძელდება და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით. მე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მხვდა ბედნიერება და ვიმუშავებ 2 წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური. მერწმუნეთ, რომ ეს ტოქსიკური 4-5 დღე გაივლის მალე და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია, რომ ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ, ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს, მას შემდგომ, რაც სისხლი არ დაიღვარა, დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია არის უმოქმედო და უუნარო. ეს ასე არ არის და ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და ყველანი წყნარად, მშვიდად ვიგრძნობთ და მივხვდებით ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად, არჩევნებიდან მე-2, მე-3 დღეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.