ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პროფესიით ექიმია და თან – დიდი გამოცდილების. მალხაზ ჯალაღონია ოპოზიციურმა პარტიამ, სხვა კანდიდატებთან ერთად, ორი დღის წინ გამართულ ხალხმრავალ შეკრებაზე წარადგინა. მართალია, შეკრებაზე ენმ-ის მხარდამჭერებს პირბადეებს ურიგებდა, თუმცა, მცირე რაოდენობით და, როგორც ჩანს, მხოლოდ მედიისთვის საჩვენებლად. ფაქტი, რომ კანდიდატების წარდგენაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცული არ იყო, ყველა კადრიდან ჩანდა – ოპოზიციის მხარდამჭერები არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და მათ დიდ ნაწილს არ ჰქონდა პირბადე.
მერე რა, რომ პროფესიით ექიმია და მან ყველაზე კარგად იცის, რამდენად საფრთხისშემცველია ეპიდსაშიშ სიტუაციაში ხალხმრავალი შეკრებები… როცა პოლიტიკური გეგმები გაქვს, როგორც ჩანს, “ჰიპოკრატეს ფიციც” შეიძლება, დაივიწყო.
მალხაზ ჯალაღონიას ამ ყველაფერზე აქვს პასუხი – თვლის, რომ, ამ შემთხვევაშიც, პასუხისმგებლობა არა “ნაცმოძრაობას”, არამედ ხელისუფლებას ეკისრება.
როგორც ექიმი ენმ-დან ამბობს, მთავრობის ბრალია ისიც, რომ ხალხს პირბადის ტარება სწორად ვერ ასწავლა.
ასეთი შინაარსის კომენტარი “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა საკუთარ ,,ფეისბუქგვერდზეც,, გამოაქვეყნა:
“ამბობენ, რომ ზოგიერთს არ ეკეთა სწორად. ეს ხელისუფლების პრობლემაა, თუ ვერ ასწავლეს ადამიანებს, როგორ უნდა გაიკეთონ სწორად პირბადე”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე ენმ-მ საკუთარ კანდიდატს ტრიბუნა არ დაუთმო, მხარდამჭერებთან მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ და მალხაზ ჯალაღონია, როგორც ჩანს, გადაავიწყდათ ან შესაძლოა, კარგად იციან, რომ ექიმი დიდი მჭერმეტყველებით არ გამოირჩევა – იფიქრეს, მორიგი სისულელე არ წამოსცდესო და ტრიბუნის მიღმა დატოვეს.
სისულელეებს კი მალხაზ ჯალაღონიასგან ხშირად გაიგებთ და მედიის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებზეც მძიმედ რეაგირებს, ენმ-ის კანდიდატისთვის სააკაშვილი დღემდე მოქმედი პრეზიდენტია და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებშიც მას მოწიწებით კვლავ ქვეყნის პირველ პირად მოიხსენიებს.
“რეგიონული კვირას” მიერ დასმულმა შეკითხვებმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დღესაც გააღიზიანა.
იხილეთ ვიდეო