ნათია თურნავა: 2021 წლის ბოლოს 1 400 000-მდე აბონენტი იქნება ჩართული ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში და მათ მომდევნო წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი დაემატება

„წალენჯიხის გაზიფიცირება, სადაც არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და პირველად ჩვენ შევიყვანეთ, არის ქვეყნის მასშტაბური გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ერთი კონკრეტული ნაწილი და სწორედ აქედან მომეცა საშუალება, მოსახლეობისთვის ანგარიში ჩამებარებინა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში” – ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც გაზიფიცირების გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ პირველად ისტორიაში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი. ძალიან რთული პროექტი განხორციელდა – 39 კმ მკვებავი მილი იქნა გაყვანილი ასეთ რთულ რელიეფში, მაგრამ ახლა წალენჯიხელებს აქვთ გაზი და 2021 წლის ბოლომდე ყველა თემს – 49 დასახლებულ პუნქტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სრულად ექნება ბუნებრივი აირი” – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირების დონე გადააჭარბებს 90 პროცენტს, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„მიუხედავად ამისა, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, სადაც გვინდა, რომ შევიყვანოთ ბუნებრივი აირი, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ გაზიფიცირების პროგრამა და 2022-24 წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განვახორციელოთ – შედეგად 2024 წლის ბოლოს საქართველოში 600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს, რაც არის არამარტო სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაც” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია
გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი – 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში.

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესული და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 – ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები