ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა – პოლიციამ ნივთმტკიცებები ამოიღო

ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირის, ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

სამართალდამცველებმა სახლიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს და გამოკითხვაზე ბადრი ესებუას მამა და კიდევ ერთი ოჯახის წევრი გადაიყვანეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის დედის სახლში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოკითხა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირი ბადრი ესებუაა. მანამდე კი საპოლიციო ძალები ესებუების ოჯახში მივიდნენ,საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლების ნაწილი ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ოთხ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები კირცხის ტყესთან დატოვა, თვითონ კი მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები