ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მათ ბოროტმოქმედი კვლავ გაექცათ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და სამართალდამცველებს ის კვლავ გაექცა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება ეტაპობრივად მიიღებს.
„უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება სიმართლეს. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ჩვენგან გაიგებთ“, – განაცხადა ბორცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლების ნაწილი ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა და ოთხ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები კირცხის ტყესთან დატოვა, თვითონ კი მიიმალა და მას ამ დრომდე ეძებენ.