“საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს”
“გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ჩვენ მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვიმატინილი პირის მონაცემები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს
“ასეთი სიმძიმის დანაშაულზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია აღნიშნული პირის ვინაობა, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციული, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.
ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცლებისგან მიზანმიმართულად ვიკავებდით თავს გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში გარკვეულწილად პრობლემებს ვაწყდებოდით. ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება.
ჩვენ მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა. ჩვენ მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მონაცემებს, მაინდენტიფიცირებელ მონაცემებს, ვინაიდან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელია მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიასაშიალებებთან.
სამწუხაროდ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ჩვენ მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვიმატინილი პირის მონაცემები“,-განაცხადა ბორცვაძემ.