კახა კალაძე: მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ

თბილისის მერი, კახა კალაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

მისივე თქმით, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ძალიან მძიმე თემა იყო ის, რაც მოხდა. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ და არავის თმა არ ჩამოვარდნია. ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რაც შეეხება დაკავებას, მიმდინარეობს ღონისძიებები, იდენტიფიცირებულია ადამიანი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო პოლიტიკოსებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებებისგან. მივცეთ შესაძლებლობა შესაბამის უწყებებს, რომ რაც შეიძლება დროზე დააკავონ დამნაშავე“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე დღის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ. ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები