კაჭარავა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შეიქმნას გუნდები, რაც სოფლის ახალგაზრდობას და შესაბამისად, საქართველოს გააერთიანებს:
„სპორტი არის ჯანმრთელობა, ნაკლები კრიმინალი, ნაკლები ძალადობა, სპორტი ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან. ვარჯიშის დროს აქტიურდება ტვინის ახალი უჯრედები, ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი, რაც ადამიანს აძლებს საშუალებას ბევრად უფრო პოზიტიურად შეხედოს გარემოს. პროფესიულ სპორტს, მაღალი მიღწევების სპორტს შევხედოთ – დამეთანხმებით, რომ ყველა სპორტსმენის მიზანია ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს, სამშობლოს სახელით მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საერთაშორისო ტურნირზე და ის წარმატებული სპორტსმენი, რომელსაც წილად ხვდა ეს შესაძლებლობა, ხვდება რომ იქ, მოედანზე, დარბაზში, ტატამზე, კორტზე შეუძლია დაამარცხოს სხვა ბევრად უფრო წარმატებული ქვეყნის გუნდები თუ სპორტსმენები. ეს წარმატება გადაედება საზოგადოებას და ჩნდება რწმენა, რომ ბევრი შრომით და სწორი ხელშეწყობით სხვა სფეროებშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ამ წარმატებების გარშემო საზოგადოება და ქვეყანა ერთიანდება.
ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან სოფლებში, რის გარშემოც სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება, გაძლიერდება და დამერწუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ – საქართველოს გამთლიანება ხომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია. 28 წელია რაგბს ვთამაშობ, ჩვენ გვქონდა რთული პირობები. ჩვენს წინა თაობას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ჰქონდა პირობები და მათ მოახერხეს ჩვენამდე რაგბის მოტანა, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადაუხადო. დღეს კი ბევრი შრომით, სწორი ხელშეწყობით მოხდა ის, რომ საქართველო მიიღეს ევროპულ ოჯახში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რასაც ვულოცავ მთელს საქართველოს და ყველა მორაგბეს. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ყველამ ერთად ბევრი შრომით უნდა შევქმნათ ჩვენი, ჩვენი შვილების საქართველოს წარმატებული და უკეთესი მომავალი. ერთად საქართველოს წარმატებისთვის”, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.