თემურ ხვიბლიანი საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმისას ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის ნათესავი თემურ ხვიბლიანი, რომელიც შეიარაღებული ძალების წარმომადგენელია და მისი სახელი ბანკის ყაჩაღობის ირგვლივ აქტიურად განიხილება, კონკრეტული მედიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საუბარია “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც გვარამიამ თავის წყაროზე დაყრდნობით, თემურ ხვიბლიანი „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა.

თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ის თავდასხმის დღეს თბილისში იმყოფებოდა და ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს.
“ის, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ასევე ის, რომ თანამზრახველად თურმე მყოლია მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. სინამდვილეში, ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში. მოვითხოვ გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავ სხვადასხვა სამართლებრივ საშუალებას“, – აცხადებს თემურ ხვიბლიანი.

მან ასევე ისაუბრა თავისი ნათესავის, დავით ხვიბლიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. მისი განცხადებით, დავით ხვიბლიანი იმ დღეს ბანკში ხელფასის ასაღებად იმყოფებოდა და ​თანამზრახველობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებას წარმოადგენს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. იგი სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა, და მძევლები კირცხის ტყეში დატოვა.

უკვე მესამე დღეა ბოროტმოქმედს პოლიციელები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები