პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა და 1986 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშული.

უწყების ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.
ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები