ზუგდიდში ბანკზე თავმდამსხმელს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის მთავარი ფიგურანტის სამძებრო სამუშაოები, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება.
პოლიციის მიერ მოხდა თუ არა უკვე ბოროტმოქმედის იდენტიფიცირება ან ყავდა თუ არა მას თანამძრახველები, ოფიციალური ძალოვანი უწყებები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
სამართალდამცველებმა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ინფორმაცია 21 ოქტომბერს, 14:21 საათზე მიიღეს.
შეიარაღებულ თავდამსხმელს რვა საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა 43 მოქალაქე და ბანკის თანამშრომლები. მძევლებს შორის იყო სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავაც.
შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა.