ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე თავმდამსხმელები პოლიციამ თბილისში დააკავა

პირები, რომლებმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, პოლიციამ თბილისში დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოროტმოქმედები პოლიციელებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს.

„ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები