ცაგერში დაავადებული მიუსაფარი ძაღლები გამოჩნდნენ

ქალაქ ცაგერის ქუჩებში დაავადებული მიუსაფარი ძაღლები გამოჩნდნენ.  როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ პრობლემაზე უკვე ინფორმირებული არიან და შესაბამისი ზომებიც მიღებულია.
“ჩვენ უკვე მივმართეთ ყველაზე ახლო მდებარე შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებას, უახლოეს საათებში სპეციალისტები ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას და შესაბამისად იმოქმედებენ“,- განმარტეს მერიაში.
არის თუ არა საშიში მოსახლეობისთვის ცხოველების ეს დაავადება, ამ თემაზე განმარტებისთვის “რეგიონული კვირა”  ზოოვეტერინარს დურმიშხან დავითულიანს დაუკავშირდა.
„მოსახლეობამ ცხოველების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით მეც მომმართა, გავედი და მდგომარეობას ადგილზე გავეცანი, ყველა ძაღლს, რომელიც ამ მდგომარეობაში იმყოფება, გაკეთებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომრები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ცხოველები არიან ინდეტიფიცირებული და თავის დროზე გადაიყვანეს შესაბამის თავშესაფარში, არიან დამუშავებული, გაკეთებული აქვთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და სტერილიზაცია. დიდი ალბათობით ახლა მათი დაავადება ცხოველთა ჭირია. ცუდი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ლეტალობა დიდია და ცხოველების მეტი ნაწილი კვდება. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ აღნიშნული დაავადება ადამიანზე არ გადადის და ამ მხრივ საშიშროებას არ წარმოადგენს“,- განაცხადა ზოოვეტერინარმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები