მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 2024 წელს იმას, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 2024 წელს იმას, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფად აღდგენა და ამ სფეროს მდგრადი განვითარება.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მაქვს საშუალება, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის მომდევნო ოთხი წლის გეგმა, თუ რას გავაკეთებთ ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის. მომდევნო ოთხ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომელიც ძალიან დაზარლდა კოვიდ 19-ის დროს. ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმის ინდუსტრია უნდა აღდგეს სწრაფად, დაიწყოს მდგრადი განვითარება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიან ტურისტებს. შედეგად, 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მივიღებთ 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს.

ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ ვგეგმავთ ასეთი ამბიციური მიზნის მიღწევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავზრდით ერთ ტურისტის საშუალო ღამისთევის რაოდენობას, რაც მიაღწევს შვიდ ღამეს – ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული განთავსების ობიექტის საოჯახო სასტუმროსთვის, ბინების გაქირავებისთვის, საგრძნობლად გაიზრდება ქირავნობაზე მოთხოვნა. ასევე, გავზრდით საშუალოდ ერთ ტურისტზე დანახარჯს, რომელიც გაუტოლდება შვიდას დოლარს. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური შედეგი ექნება ტურიზმში დასაქმებულებისთვის, ჩართულებისთვის და ასევე, ისეთი მეწარმეებისთვის, როგორებიც არიან ფერმერები, მათ შორის, ტაქსის მძღოლები და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, რომელსაც არაპირდაპირი შეხება აქვთ ტურიზმთან, რაც აისახება მათ კიდევ უფრო გაზრდილ შემოსავლებზე”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას შეახსენა, რომ 2023 წელს საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე წარდგება, რაც ქვეყნის ცდობადობის ამაღლების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ძალიან მნიშვნელოვან, რთულ საერთაშორისო კონკურსში და შედეგად ჩვენ 2023 წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარვდგებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე „აი თი ბი ბერლინი”. შედეგად ჩვენი ქვეყანა მიაღწევს ისტორიული ცნობადობის ამაღლების დონეს. ჩვენ მივიღებთ როგორც ქვეყანა ერთ მილიარდ საერთაშორისო აუდიტორიაზე წვდომას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 37 მილიონი ევროს ღირებულების საერთაშორისიო მარკეტინგულ აქტივობებს და მედია დაფარვას. უფრო მარტივად ალბათ, რომ ავხსნა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, გაიმარჯვოს მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენ ქვეყანაში დაბრუნდეს გამარჯვებული თასით.

ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ქვეყანაში იმისთვის, რომ გაიზარდოს სიძლიერე ჩვენი ინდუსტრიის, დაიხვეწოს სერვისი და ამისთვის ჩვენ ბევრს გავაკეთებთ და მათ შორის ვიზრუნებთ ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე და ჩვენ შევქმნით იმ მნიშვნელოვან ბაზას, რაც იქნება მოგზაურების უსაფრთხოება და მომსახურების უფლებების დაცვა, რაღა თქმა უნდა, ამით გავაძლიერებთ ჩვენს კერძო სექტორს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მან, აგრეთვე, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ხაზი გაუსვა ეკოტურიზმს, სამედიცინო და ბალნეოლოგიურ ტურიზმს, საქმიან პილიგრიმულ ტურიზმს, სათავგადასავლო ტურიზსმს, ღვინისა და გასტრონომიულ ტურიზმს და დასძინა, რომ ოთხი წლის შემდეგ ტურიზმის სექტორში 8 ათასი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი დასაქმდება.

„სახელმწიფო განაგრძობს იყოს ძალიან აქტიური და გააფართოოს ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს გადამზადების პროგრამას მათთვის, ვინც უკვე დასაქმებულები არიან ტურიზმის სექტორში, სტუდენტებისთვის ან მათთვის ვისაც სურთ დასაქმება ჩვენს ინდუსტრიაში და შედგად 2024 წელს ჩვენ ჩავატარებთ ისეთს და იმ რაოდენობა სატრეინინგო კურსებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ოთხი წლის თავზე, გვეყოლება დამატებით 8 ათასი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი დასაქმებული ჩვენ ტურიზმის სექტორში. რაღა თქმა უნდა, განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და გამოვყოფდი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ პროდუქტებს, როგორიცაა გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამედიცინო და ბალნეოლოგიური ტურიზმი, საქმიანი პილიგრიმული ტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმი.

ჩვენ ვამაყობთ იმ პროექტით, რომლებიც ევროპული სტანდარტების მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეხება და ასევე, გამოვყოფდით იმ პროექტს, რომელმაც დიდი ღირებულება მოუტანა მათ შორის, ღვინის მეწარმეებს, რაც ეხება ღვინის გზის გაფართოებას. ასევე, განვაგრძობთ გავაფართოვოთ სათავგადასავლო ტურიზმის ინფრასტრუქტურა და შევქმნით დამატებით 2 000 კმ-ის საფეხმავლო მარშრუტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს ავიყვანთ ისეთ სოფლებში, სადაც დღემდე შეიძლება რთულად მისასვლელი ალბათობები და შესაძლებლობებია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ათასობით ტურისტს ჩავიყვანთ ასობით სოფელში, სადაც დღემდე ტურისტები არ ჩადიან და ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ თუნდაც მცირე ტურისტული პოტენციალი, მაქსიმალურად ავითვისოთ იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში შევიტანოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი”, – განმარტა ქვრივიშვილმა ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებების პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, 2024 წელს ქვეყანას ექნება ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული.

„განვაგრძობთ სოფლებსა და რეგიონებში გავაკეთოთ ისეთი მცირე ინფრასტრუქტურა, როგორიც არის საპიკნიკე ზონები და გადმოსახედი ადგილები. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ოთხსეზონურობა, ამიტომაც ვაგრძელებთ ვიყოთ აქტიურები და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ზამთრის კურორტების განვითარებას. მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ შეიქმნება კურორტის მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნვეყოფს კიდევ უფრო მეტად კომფორტულ გარემოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ანუ შიდა მოგზაურებისთვის ისევე, როგორც საერთაშორისო სტუმრებისთვის. 2023 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩემპიონატის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრება ათასობით საერთაშორისო მოგზაური და სტუმარი, და რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად და ძალიან ეფექტურად გააშუქებენ ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ბევრი ვისაუბრეთ დღეს თუ რას გავაკეთებთ ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს და ძალიან კარგად გვესმის, რომ მასპინძლობა მილიონობით ტურისტის ნიშნავს, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ შესაძლებლობას და დახვეწილ ინფრასტრუქტურას ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. ამიტომაც, გაფართოვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩვენ მივიღოთ, მოვემსახუროთ და ვუმასპინძლოთ 4-ჯერ უფრო მეტ ტურისტების რაოდენობას, ვიდრე აქამდე შეგვეძლო.

შედეგად, ჩვენ 2024 წელს მივიღებთ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული. განვაგრძობთ ვიყოთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდამჭერები, იმიტომ რომ ჩვენი კერძო სექტორი, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დაზარალდა კოვიდ 19-ის დროს. ტურიზმი აღდგება სწრაფად, განვითარდება მდგრადად, ერთად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, და რა თქმა უნდა, ეს აისახება თითოეული თქვენგანის, თქვენი კოლეგების კეთილდღეობაზე. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 2024 წელს იმას, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები