ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწადში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება”,-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო და შედეგები შთამბეჭდავია.

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით – დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის განვითარებისთვის იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებსაც სახელმწიფო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აკეთებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულების განვითარება, რასაც ჩვენ განსაკუთრებული აქტუალობით ვაკეთებთ ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ ყველა ხედავთ რამდენი საქმეა ამ მიმართულებით გაკეთებული.

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა საკრანტინო მავნებელთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მემცენარეობის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველი გამოწვევაა. ჩვენ გავაგრძელებთ მცენარეთა მავნებლებთან ორგანიზებულ ბრძოლას და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარებას.

ასევე გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რაც მრავალი ათასი ნიმუშის კვლევას და სურსათის სანდოობის გაზრდაზე იქნება მიმართული, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავდროულად გაგრძელდება მნიშვნელოვანი აქტივობები ვეტერინარული მიმართულებით – ეს არის უფასო ვაქცინაცია, იმისთვის რომ ვეტერინარული ფონი ქვეყანაში იყოს უფრო მეტად საიმედო,რათა მესაქონლეობის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, გავაკეთოთ ინვესტიციები, მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყოს მისაღები”, – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები