ირაკლი კვარაცხელია ბოროტმოქმედზე: არ ჰქოდა მეგრული აქცენტი, შესაძლოა ყოფილი სამხედრო, რადგან დგომაზე ეტყობოდა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ თავდასხმის ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინის ავთენტურობას, სადაც ის კონკრეტულ პირს თავდასხმის შესახებ წერს, „რეგიონულ კვირას“ უდასტურებს.
როგორც კვარაცხელია, განმარტავს მან ამერიკაში მყოფ მეგობარს წერილი თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე მისწერა. ხოლო მისი თქმით, სქრინზე მოცემული დრო ადრესატის ლოკაციის მიხედვით იმ მომენტისთის არსებულ დროს აფიქსირებს.
„რეგიონული კვირა“ შეეცადა მიმოწერა ამერიკაში მყოფ მეგობართან, კვარაცხელიას ტელეფონშივე გადაემოწმებინა, თუმცა კვარაცხელიას თქმით, იგი მიმოწერებს პერიოდულად შლიდა, რადგან თავმდამსხმელის ეშინოდა.
„დიახ, ნამდვილად ვადასტურებ, რომ მე მივწერე ჩემს მეგობარს ამერიკაში. ტელეფონშიც დარწმუნებული არ ვარ ზუსტად არის თუ არა შენახული, თუმცა შეიძლება აღდგენის ფუნქცია არსებობდეს, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ მეშინოდა მძარცველს არ ენახა ის, რასაც მე ჩუმად ვწერდი ჩემს მეგობარს, როგორც კი ვწერდი ყველაფერს ვშლიდი. ძალიან მარტივი არის საქართველოში, რა დრო იყო რომ შეადაროთ იმ დროს. ამერიკაში მივწერე ეს ჩემს მეგობარს, დროის სხვაობა რომ შეადაროთ ერთმანეთს ზუსტად ის დრო იქნება, რა დროსაც მე შესაძლებლობა მქონდა გამეგო თუ რა ხდებოდა ჩემი სახელი და გვარის ირგვლივ სოციალურ ქსელებში”, – ამბობს კვარაცხელია.
„რეგიონული კვირის“ კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემაზე ამერიკელ მეგობარს დაკონტაქტებოდა, მან გვიპასუხა, რომ ასე საქართველოში მყოფი მეგობრების უსაფრთხოების მიზნით მოიქცა.
„12 საათი და ოცი წუთი, ამერიკის დროით არის. ჩვენთან დროის 9 – საათიანი განსხვავებაა და ჩვენთან უნდა იყოს საღამოს 20:00 საათი დაახლოებით. ადგილზე ჩემი შიგნით ყოფნის დროს, ეს მივწერე ჩუმად ისე, რომ მძარცველს არ დაენახა და მისი ტელეფონი დააფიქსირებდა იმ დროს, რაც იყო მისი ლოკაციის მიხედვით ადგილზე. ამერიკაში იმიტომ მოვწერე, რომ ამერიკაში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, თუ რაღაცა ინფორმაციას გაავრცელებდა. მე ტელეფონი მქონდა ჩემთვის ტელეფონი არ წაურთმევია და შიგადაშიგ ხან მე, ხან სხვა ადამიანებს გვართვევინებდა ლაივს, რომ მოესმინა საინფორმაციო გადაცემებისათვის. ტელეფონს თვითონ არ კიდებდა ხელს, მაგრამ მეუბნებოდა, რომ აი ჩართე ამა და ამ არხის ლაივი, მერე მემგონი ერთხელ ჩავრთე ლაივი. უფრო გოგონებს ართვევინებდა ლაივებს და უსმენდა. უსმენდა ყველას, აინტერესებდა რა ხდებოდა გარეთ”, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

ერთერთი ყოფილი მძევლი, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა თავმდამსხმელი სვანური წარმოშობის ყოფილიყო ვერ ადასტურებს, თუმცა ამბობს რომ, იგი შესაძლოა ყოფილიყო ყოფილი სამხედრო, რადგან ეს მას დგომაზე ეტყობოდა. “მიმსგავსებული ხმა, რომ გავიგო შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხმა იმ ხმას გავს, თორე ზუსტად მე ნამდვილად ვერ ვიტყვი მის სვანობაზე ვერაფერს. შეიძლება იყოს, შეიძლება გავდეს მისი ლაპარაკი სვანურს, იმიტომ რომ რაღაც მეგრული კილო მას არ ჰქონდა, თუმცა მეგრულად, რომ დაველპარაკეთ მეგრულიც იცოდა და გამოგველაპარაკა მეგრულად”, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ კვარაცხელიამ.

დაიბარებენ თუ არა მას ხელახლა გამოკითხვაზე, კვარაცხელია ამბობს რომ ამ დრომდე მას საგამოძიებო უწყებიდან არავინ დაკავშირებია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები