ირაკლი კვარაცხელია: ცდილობდნენ, რომ ის ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში რომ გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა
გამთენიისას დასრულდა ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას დაკითხვა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
მან მომხდარის დეტალები გაიხსენა.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო სამხარეო პოლიციის უფროსს რომლის მეშვეობითაც მე დღეს არ ვარ მძევალი.
რაც შეეხება ჩემს ბანკში ყოფნას, მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა.
როცა გავიგე გარეთ გასროლა, დავინახე შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში და მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა, კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამინის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. ამის შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე იქ დავბინავდით და შემდეგ მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა “ტვ პირველში”, მან უთხრა რომ მას არ ჰქონდა ფეისბუკი. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და მე ვუთხარი რომ მქონდა ფეისბუკი. იქედან გამომდინარე რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო რომ პოლიციას, სამართალდამცავებს დაეპირებინათ შტურმი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მათ გაეგოთ რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.
თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა ის რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ. რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.
წაიყვანა ბიჭები ალბათ, იმიტომ რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანათ. მესამე, მძარცველმა, თვითონ დაასახელა”, -ამბობს კვარაცხელია.
შეკითხვაზე ამოიცნობს თუ არა შეიარაღებულს, ირაკლი კვარაცხელია პასუხობს, რომ სახეზე ვერა, თუმცა ხმით შეიძლება მიამსგავსოს.
“ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგებ შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას.
ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით.
სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თვითონ ეუბნებოდა რაც უნდა ეთქვა. იყო 1-2 შემთხვევა, როცა თვითონაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი და უსაფრთხო გასვლა”, – თქვა ირაკლი კვარაცხელიამ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ის არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი და საეჭვოდ ჩაერთო პროცესებში, კვარაცხელია პასუხობს რომ არასდროს დაუმალავს საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები. ამასთან, ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ სქრინთან დაკავშირებით, კვარაცხელია თავს არისებს.
“ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფმა. ჩემი აზრით ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. ეს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, დიახ მიმაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა და რა, ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე? ქუჩაში არ უნდა გავიდე? საერთოდ გაუგონარი რამე ხდება”,- განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ გამოკითხვის შემდგეგ.