ნახევრად აშენებულ სავარჯიშო დარბაზში გამოზრდილი ჩემპიონები – მარტვილელი სპორტსმენების ისტორია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი გაჭედილი, რომელიც ტურისტული მნიშვნელობით, ულამაზესი კანიონებით და ბუნებითაა ცნობილი, ახალი თაობის ჩემპიონებს ზრდის. სამეგრელოს ამ ულამაზეს მხარეში, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სპორტსმენები ცხოვრობენ.
„რეგიონული კვირა“ 12 წლის ნიკასა და 16 წლის ლუკაზე გიამბობთ, რომლებიც კიკბოქსინგის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
ლუკა და ნიკა თანასოფლელები – ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები არიან. ლუკას სპორტში წარმატების მიღწევასთან ერთად, პარალელურად სწავლაც აინტერესებს. მისი თქმით, განათლება მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად.
ბიჭების წარმატებაში უდიდესი წვლილი, ახალგაზრდა, 32 წლის მწვრთნელს – დავით წულაიას მიუძღვის. მან სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის, საკუთარი სახლის ეზოში, საკუთარი ფინანსებით სავარჯიშო დარბაზი ააშენა. ახლა მშენებლობა უსახსრობის გამო შეჩერებულია.
როგორც მწვრთნელი „რეგიონულ კვირას“ უყვება გარკვეულ საბრძოლო ილეთებს ბავშვებს ტატამის არ ქონის გამო, ვერ ასწავლის.
მიუხედავად შეზღუდული პირობებისა, ახალგაზრდა მწვრთნელს ჯგუფში საერთაშორისო დონის 5 ჩემპიონი ჰყავს, რომლებზეც სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს.
„ადგილობრივი სპორტული სკოლისგან გვაქვს დიდი მხარდაჭერა, საზღვარგარეთ ტურნირებზე კი ფედერაციის დაფინანსებით დავდივართ. ჩვენს პირობებში ვცდილობთ მაქსიმუმი დავდოთ, სწორედ ამიტომ ავაშენე სახლის ეზოში სპორტდარბაზი, რათა სოფლის ბავშვებს ევლოთ. ყველას არ აქვს შესაძლებლობა ქალაქის დარბაზში იაროს. 12 წელია ვარ მწვრთნელი და ჯგუფში ხუთი ჩემპიონი მყავს. ვამაყობ, რომ ისინი ამ შედეგს დიდი შრომის შედეგად დებენ, მაგრამ როგორც ყველას, მიზანი ყოველთვის მეტია. გვინდა რომ ჩვენ ახალი თაობა მსოფლიოზეც გავიდეს და წარმატებას მიაღწიონ“, – ამბობს დავით წულაია.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, ახალგაზრდა მწვრთნელმა მშობლიურ მარტვილში დარჩენა და ბავშვების მომზადება გვპასუხობს:
ყველა ადამიანს უყვარს ის ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ამიტომაც მინდა ჩემს კუთხეში მცხოვრები ახალი თაობა განვითარდეს და სპორტი, ცხოვრების წესად აქციონ“, – განმარტა ახალგაზრდა მწვრთნელმა.
ამჟამად ლუკასა და ნიკას ანგარიშზე ოფიციალურად 42 პირველი და 7 მეორე ადგილი, უამრავი მედალი, სიგელი და თასია.
ბიჭების საბოლოო მიზანი მხოლოდ ერთია, მათ მსოფლიო ჩემპიონობა სურთ.

 

სოფიო კაკაჩია

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები