შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. კორონავირუსი სკოლის ორი მოსწავლის მშობელს დაუფიქსირდა, ცხელება აღენიშნება ორივე ბავშვს.
“მშობელს დაუფიქსირდა ვირუსი, მისი ორივე შვილი შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ორივე ბავშვს უფიქსირდება ტემპერატურა. მათ ტესტები აღებული აქვთ, ჯერჯერობით ველოდებით პასუხს. აქედან გამომდინარე, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა.
ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დისტანციურ სწავლებაზეა სამი საჯარო სკოლა.