თამაზ გაიაშვილი დავით გარეჯზე: სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია

მფრინავი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი, თამაზ გაიაშვილი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემგან, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქისგან წინამდებარე განცხადების გაკეთება შესაძლებელია, ვინმეს უადგილოდ ეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი გრძნობა მამოძრავებს: პირველი ის, რომ ჩემთვის, როგორც ქართველისთვის უაღრესად მტკივნეულია ქართული მიწის თითოეული გოჯის ბედი. მეორე და უმთავრესი ისაა, რომ მე, როგორც პროფესიონალი ავიატორი და მფრინავი კარგად ვერკვევი რუკებში.
მე, ვისაც მთელი 40 წელიწადი თვითმფრინავის შტურვალთან მაქვს გატარებული, ჩვენი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, როგორც გაშლილი რუკა, 10-12 ათასი მეტრის სიმაღლიდან იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ მისი საზღვრის ყოველი ხაზი და კონტური, ყოველი მონაკვეთი მუდმივად თვალწინ მიდგას… მე, ვისაც ათეულობით სპეციალური რეისი შემისრულებია ალმოდებულ აფხაზეთში და მრავალი დაჭრილი თანამემამულე ცეცხლის ხაზიდან გამომიყვანია – ალბათ, დამეჯერება, რომ ჩემთვის ყოველი გოჯი ქართული მიწისა უძვირფასესია.

საქართველო პატარაა. ციდან იგი უფრო პატარა ჩანს, რის გამოც ბევრჯერ მიგრძვნია გულისწყვეტა. თუმცა, ეს ის გულისწყვეტაა, რომელიც სამშობლოს გაყვარებს. წინაპართა სისხლით მორწყულ ქართულ მიწაზე საუბარი განსაკუთრებით მტკივნეული ხდება, როდესაც საქმე მათ დანატოვარ უდიდეს სიწმინდეებს ეხება. ჩემზე უკეთესად ვინ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მართვის სისტემა აზერბაიჯანის მხარეს გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2006 წელს მოლაპარაკებები შედგა. ამ უცნაურ ფაქტს მე პირადად საჰაერო ნავიგაციის სისტემის თანამშრომელთა ნაკლებ პროფესიონალიზმს ვაბრალებდი. შემდეგ კი, როდესაც აზერბაიჯანული მხარე უშუალოდ დავით გარეჯის ტერიტორიას მოადგა, მივხვდი, რომ საქმე ქართული ტერიტორიების ხელყოფასთან გვქონდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში მე პატარა თვითმფრინავითაც დავფრინავდი გაცილებით დაბალ სიმაღლეებზე. ბევრი მაქვს ნაფრენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ამ ფრენების დროს მცირემასშტაბიანი რუკებითაც ვსარგებლობდი, სადაც ნათლად ჩანდა ჩვენი საზღვრები, რაც, რა თქმა უნდა, დავით გარეჯიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის უჩნდებოდა.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საკითხის გამწვავება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. სამშობლოს ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერ არჩევნებსა და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია.
მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულად გაისარჯნენ და მოიძიეს რუკები, რაც ასე მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაწყვეტაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მთელი არსებით ჩართულია და ყოველდღიურად იბრძვის ამ უაღრესად საჭირბოროტო პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ საქმეში სპეკულაცია და პოლიტიკური ინსინუაციები ყოვლად უადგილოა. ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, ვინც ყველაფერზე პასუხისმგებელია და, ამავე დროს, უფლებამოსილიცაა საზღვრების დადგენასა და საკითხის კომპეტენტურად გადაწყვეტაში”, აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები