ლატალში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ადგილობრივები ჩაერთვნენ
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი მადონა წერედიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ქალბატონებიც ჩაერთნენ და საკუთარი ძალებით აქრობენ.
“ეს იმიტომ რომ უბრალოდ ყველამ გაიგოს თუ როგორ გვიჭირს,სულ ოთხი ადამიანი ვართ ამ კონკრეტულ ადგილზე,სახანძრო ვერ მიუდგება ამ ადგილს,სოფლის ძირითადი ნაწილი სხვა ლოკაციაზეა,თავბრუსხვევები უკვე დაგვეწყო.არ შეიძლება დღეს სახლში მშვიდად ჯდომა,ხალხი მიწაწყლის დაცვას ეწირებოდა,დღესაც უჭირს ჩვენს მიწას”,- წერს მადონა წერედიანი.
გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.