ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველის მეორე ეტაპი და „ცოლიკოურის“ ჩაბარება დაიწყო

ლეჩხუმში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. „ალექსანდროულის“ მოსავლის შემდეგ ღვინის კომპანიებმა ლეჩხუმური „ცოლიკოურის“ ჩაბარების პროცესი დაიწყეს.
„რეგიონული კვირა“ ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა. როგორც აქაური მევენახეები აცხადებენ, მოსავალი კარგია და ყურძენი ხარისხიანი.
„მე მწვანე ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი მოვიტანე ჩასაბარებლად, რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს, მევენახეს ერთ კილოგრამ ყურძენში 3 ლარს უხდიან და მინდა ვთქვა, რომ ასე არ ყოფილა არც ერთ წელიწადს, ამიტომაც კმაყოფილები ვართ“,- აცხადებს ცაგერელი მევენახე გურამ ლიპარტელიანი.

რთველის მიმდინარეობის პროცესს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ადგილზე თვალს ადევნებენ. რიგს და ეპიდემილოგიურ მოთხოვნების დაცვას ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წელს ლეჩხუმში 1.100 ტონა ცოლიკაურის და 50-55 ტონა „უსახელოურის“ მოსავალს ელოდებიან.
„ ცაგერში „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და „თბილღვინოს“ კომპანიები მევენახეებისგან ყურძენს აქტიურ რეჟიმში იბარებენ.1 კილოგრამი „ცოლიკოურის“ ფასი 3 ლარია, გამონაკლისი მხოლოდ ტვიშის“ ცოლიკოურია“, რომელიც თავისი თვისებებით განსხვავდება და მასში კომპანიები 5 ლარს იხდიან. რაც შეეხება „ოჯალეშს“ 5 ლარია, ხოლო1 კილოგრამ „უსახელოურში“ გლეხი 10 ლარს მიიღებს. ყურძნის ჩაბარების პუნქტები 7 ლოკაციაზეა განლაგებული და რთველი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენი გათვლებით ერც ერთი მტევანი ყურენი გლეხს ჩაუბარებელი არ დარჩება“,- განაცხადა ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „ცოლიკოურის“ დაბინავება დამთავრდება, ყურძნის შავი ჯიშების-„ოჯალეშისა“ და „უსახელოურის“ ყურძნის მიღება დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები