ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადედების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს.
ქალაქ გურჯაანის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. თუმცა, ზოგიერთ უბანზე არსებული მოძველებული მილების გამო ხშირია დაზიანებები, რაც მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.
დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ამორტიზებული მონაკვეთი ახალი მილებით ჩანაცვლდება და აღმოიფხვრება წყალმომარაგების შეფერხების პრობლემა.
ქალაქში არსებული წყალარინების სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, ზოგიერთ დასახლებაში კი კანალიზაციის ქსელი არ არსებობს.
დაგეგმილი სამუშაოები ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რის შემდეგაც 8 000-ზე მეტი ადგილობრივი კანალიზაციის გამართული ქსელით ისარგებლებს.