ბათუმში, საქართველოში პირველად, ელექტრო ავტობუსები იმოძრავებს
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ახალი ელექტროავტობუსები მოძრაობს.
მუნიციპალური ელექტროავტობუსები მგზავრებს ხვალიდან მოემსახურება.
თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები.
ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. დატენვა დარჩენილი 30%-დან – 80%-მდე ელემენტის მუხტით ხდება 6-8 წუთში. ყოველი ბრუნის შემდეგ მოხდება სწრაფი დატენვა.
ელექტროავტობუსის დატენვის ყოველდღიური ხარჯი თითქმის 10-ჯერ დაბალია ვიდრე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების.
ახალი ავტობუსების სიგრძე 9.5 მეტრია, სადაც 24 დასაჯდომი ადგილია. საერთო ჯამში, ავტობუსი 70-მდე მგზავრზეა გათვლილი.
ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია.