ოზურგეთის 11 ბაღში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა – დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა. ღებინება, დიარეა, მაღალი ტემპერატურა – ეს ის სიმპტომებია, რის საფუძველზეც მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს.
როგორც ოზურგეთის მედალფას კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ ორი დღის განმავლობაში, მათ კლინიკაში 6 ბავშვი მიიღეს მსგავსი სიმპტომებით, სამი მათგანი გაიწერა ბინაზე, დაენიშნა მკურნალობა, სამ ბავშვს ღებინებასთან და დიარესთან დართული მაღალი სიცხეც ქონდა, მათ აუღეს კოვიდზეც ტესტი, ორის პასუხი უარყოფითია, ველოდებით მესამე ბავშვის პასუხს”, – განაცხადა მდინარაძემ.
ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელი მაკა ჭყონია ამბობს, რომ საუბარია მუნიციპალიტეტის 11 ბაღზე, დაახლოებით 80 ბავშვზე. ეს არის ის ბოლო მონაცემი, რაც მათ მშობლებისგან მიიღეს.
“ჩვენ სააღმზრდელო პროცესი ბაღებში ხუთშაბათს განვაახლეთ, მუნიციპალიტეტის 32 ბაღში. ბავშვების მოწამვლის შემთხვევები მათგან 11 ბაღში დაფიქსირდა. გუშინ დაიწყეს მომართვა მშობლებმა, მონაცემებს ამ დრომდე ვაგროვებთ. რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს მოკვლევა, მუშაობს სურსათის უვნებლობის სამსახური. დადგენილი არ არის, ხორცი იყო თუ არა მოწამვლის მიზეზი. ყველაფერი იყო გაკონტროლებული, ვადები, დაფასოება. აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, თუ რამ გამოიწვია ბავშვების მოწამვლა”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” საუბარში მაკა ჭყონია.
“ბავშვს პარასკევს ღამე დაეწყო კანკალი, ღებინება, დიარეა, მაღალი სიცხე დაუფიქსირდა. მთელი ღამის განმავლობაში ქონდა ეს სიტუაცია. დილითაც რომ ასე იყო, მივმართე კლინიკას, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, მკურნალობა გავაგრძელეთ კლინიკაში, მეორე დღეა აქ ვართ. ბავშვს ჩაუტარდა ყველანაირი გამოკვლევა, მათ შორის აუღეს ტესტი კოვიდზეც, ველოდებით ახლა პასუხს. ბავშვი თავს უკვე კარგად გრძნობს, სავარაუდოდ, ხვალ გაგვწერენ”, – გვესაუბრა ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.
აღნიშნული ფაქტის გამო, ოზურგეთში ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.