„დათვმა ვერ შემაშინა და კორონა შემაშინებს?“- 91 წლის ჟუჟუნა ბებო ახალციხიდან
91 წლის ჟუჟუნა ჩადუნელი, ახალციხის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან, მუგარეთიდანაა. როგორც თავად „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, 15 წელია გარდაცვლილი მეუღლის გარეშე ცხოვრობს, რაც მისთვის ორმაგად რთული აღმოჩნდა, თუმცა 37 შვილთაშვილის ყურებისას სიცოცხლე კიდევ დიდხანს უნდა.
„5 შვილი მყავს, აქედან ერთი გოგონა გარდამეცვალა. 37 შვილის შვილი მყავს, რითაც ძალიან ვამაყობ. სულ ვესაუბრები მათ ჩემს წარსულზე. ძნელია სიბერე, ახალგაზრდობაც სულ მახსენებს თავს, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა აღარც გარეთ შემიძლია მუშაობა და არც სახლში. ერთადერთი რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ გარეთ გამოსვლა და მეზობლებთან საუბარია. ასე გამყავს დრო“,- ამბობს ჟუჟუნა ბებო.
მიუხედავად თავისი ასაკისა, აქამდე არც ჯანმრთელობას შეუწუხებია და არც მსოფლიოში გავრცელებულ ახალ პანდემიას.
„არც პირბადეს ვიყენებ და არაფერს. მხოლოდ ხელებს ვიმუშავებ სახლში შესვლისას. დათვმა ვერ შემაშინა და კორონა შემაშინებს? დღემდე ისე ვარ, არც გრიპი მქონია და არც ჯანმრთელობის პრობლემები, თუ არ ჩავთლით იმას, რომ ცოტა მხედველობა მიჭირს. ესეც მოხუცობის ბრალია“, – გვიყვება ჟუჟუნა ბებო.
იხსენებს, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გაიარა. ბევრჯერ დაეცა და მაინც წამოდგა. ახლა რაც დაზუსტებით იცის ისაა, რომ სიცოცხლე ჯერ კიდევ დიდხანს უნდა.