ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული. ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს ის საზოგადოებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ კანდიდატს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს.
თალაკვაძის განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა “ნაცმოძრაობის” ხელწერაა, “ქართული ოცნება” კი მომავალზეა ორიენტირებლი და მისი თქმით, მმართველ გუნდს არცევნებში გასამარჯვებლად “მოსმენები და დაშინებები” არ სჭირდება.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით და მისი მოსმენით , მისი დაპირებების მოსმენით და მისი საჯარო კომუნიკაციით, არის დაინტერესებული მხოლოდ ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას არ სცალია, რომ მას მოუსმინოს. ყველასა აქვს თავისი საქმე. ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული. ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს ის საზოგადოებას. მე მესმის რომ მას თავისი თავის აქტუალიზაციისთვის და ყურადღების მისაპყრობად ახლა სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტები დაადანაშაულოს, რომ თითქოს მას უსმენენ და დევნიან. ამ დროს დევნა და მოსმენა ეს არის ზუსტად მისი პოლიტიკური პარტიის ნოუჰაუ, ხელწერა და როგორ შეიძლება სხვას დააბრალოს ეს, როდესაც მისი პოლიტიკური პარტია პრაქტიკულად წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაზე, საზოგადოების ტერორზე, უკანონო მოსმენებზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე იდგა. ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან არის ერთადერთი იაფფასიანი მანევრი, რომ მიიპყროს ყურადღება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.