მიხეილ სააკაშვილი 8 წელია აანონსებს ხან ზღვით, ხან ჰაერით და ხან გვირაბით საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ დღემდე ვერ გაბედა. არავის სჯერა მისი სიტყვების, საკუთარი მხარდამჭერების გარდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოდან გაქცეული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივი აქციების დაანონსებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ ფოთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ მედიას განუცხადა.
“მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, იმასთან ერთად, რომ დღეს ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, უფრო საქმიან პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გაიყვანოთ და ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვია “ნაციონალური მოძრაობა”. მათ რამდენიმე დღის წინ უბრალოდ გვაჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით, ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, სადაც არანაირი წესები არ იყო დაცული, მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი მიზნის მისაღწევად. ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში, ამას აკეთებენ ყველგან, სადაც ქონდათ ამის შესაძლებლობა. ჟურნალისტები და ერთ-ერთი სხვათაშორის აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი პირდაპირ აცხადებდა ორი-სამი თვის წინ ,რომ მის ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეთ ამ პოლიტიკური ძალის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე 8 წელია აანონსებს პერიოდულად ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან დგას საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე თუმცა, როგორც ხედავთ დღემდე მან ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისათვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა მისი სიტყვების. მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ის დღეს გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამ არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა კიდევ ერთხელ შემცირდება და მის ადგილს დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია”, – განაცხადა თალაკვაძემ.