მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას, ზუგდიდში განაცხადა.
პრემიერ – მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მისცეს ყველას, ამაშია ის დიდი მისია, რომელიც სამეგრელოში თითოეულ ადამიანს აკისრია.
„საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი – ზუგდიდი. ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ – დღეს, აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თითოეული წარმატებული პროექტი ამ ქალაქში და ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითი დღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დიდი შერიგებისკენ. დღეს, საქართველოში ჩვენ აღვნიშნავთ ვეტერანების დღეს და მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად და შრომის ფასი სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომლებიც აქ ხორციელდება,”- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, შემდგომ 4 წელში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება სამეგრელოს. მისივე განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა დასრულდეს, მათ შორის, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები.
„2012 წლიდან, სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდ ასოთხმოცდაექვსი მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომ 4 წელში, რაც არის საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში, მაგალითად წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა. როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ, ცოტა საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა შემდგომი პრობლემა არის წყალარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წყალარინების სისტემა და მომავალ წელს ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ მაგისტრალურ გზებს, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა. სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები – ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები – რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ყველგან, ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ,”- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და აღნიშნა, რომ ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.
„საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, უჩვეულოა პირბადეებით ერთმანეთთან საუბარი, ერთად ყოფნა, თუმცა ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების, აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების წინაშე. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი და სწორედ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განასხვავებს მმართველ გუნდს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო, გლობალური სამყარო ებრძვის, ეს არის პანდემია. მე მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, გამარჯვებას გისურვებთ!”- განაცხადა პრემიერმა.