აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გახსნეს.
,,არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში”- აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
მათი ინფორმაციით, შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელდება. იმუშავებს ცხელი ხაზიც 1501 ან 0422 27-96-05 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ განახორციელებს. საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს.
რაც შეეხება საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო მიიღებს, წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 35-40 ათას ტონამდე იქნება.
შტაბის გახსნას სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.
შტაბის გახსნის შემდეგ გიორგი სურმანიძემ, თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
აგროსერვისცენტრის სადედე- სადემონსტრაციო ნაკვეთში 5 ტონამდე მანდარინი დაიკრიფება. აღებული მოსავალი გაიყიდება და შემოსული თანხა მოხმარდება ციტრუსის სანერგე მეურნეობის შემდგომ განვითარებას.